სტატიები
რატომ გადავიდა ქირურგი პროფკავშირებში - ირაკლი ამირანაშვილი მედპერსონალის სამუშაო პირობებსა და გამოწვევებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1124 19 ივლისი 2025, 11:20

„საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშათა პროფესიული კავშირი“ ერთ-ერთი უდიდესი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის სისტემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებს. სამედიცინო მუშაკთა პროფესიული კავშირი 6 ათასს აჭარბებს.

ამ საპასუხისმგებლო დარგს უკვე მეცხრე წელია ირაკლი ამირანაშვილი ხელმძღვანელობს. პროფესიით ექიმია, ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

პროფკავშირებში კარიერის გაგრძელება რატომ გადაწყვიტეთ?

საერთოდ, ვთვლი, რომ ჩვენ გმირი სამედიცინო პერსონალი გვყავს... ომი იქნება თუ სტიქია, პანდემია თუ ეპიდემია – წინა ხაზზე დგანან და საქართველოს მოქალაქეებს ემსახურებიან. პრობლემები და გამოწვევები კი ძალიან ბევრია...

კოლეგები ყოველთვის, როცა ვიკრიბებოდით, პროფესიულ საკითხებთან ერთად დარგში არსებულ გამოწვევებზეც ვსაუბრობდით. პრობლემები ბევრი იყო და სერიოზული... ამიტომ ერთ დღესაც მივიღე გადაწყვეტილება და პროფკავშირებში მოვედი – ჯერ მხოლოდ ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი რიგგარეშე ყრილობა დაინიშნა, და დელეგატებად წარმოდგენილმა მედიცინის მუშაკებმა დიდი ნდობა და მხარდაჭერა გამომიცხადეს – დარგის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით ამირჩიეს. დღესაც ამ დარგს ვხელმძღვანელობ.

რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი?

ახლა მთავარი პრიორიტეტი სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვა გახლავთ. დარღვევები სხვადასხვაა, თუმცა ძირითადად მაინც ვაწყდებით ხელფასების დაგვიანებას – რიგ შემთხვევაში ჩამორჩენა რამდენიმე თვეა. აქ ყველა კლინიკას არ ვგულისხმობ, მაგრამ ხელფასების დაგვიანება ყველაზე მეტად გვხვდება. შემდეგ მოდის ბიულეტენი, რომელსაც მედპერსონალს რატომღაც არ უნაზღაურებენ ხოლმე. ასევე – კუთვნილი 24-დღიანი ფასიანი შვებულება, რომლითაც ვერ სარგებლობენ, და სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნა. ძირითადად სწორედ ასეთი პრობლემებით მომართავენ დარგობრივ პროფესიული კავშირს, მაშინვე ვრეაგირებთ.

რა იგულისხმება რეაგირებაში? რა პროცედურებს გულისხმობთ?

თუ დასაქმებული თვლის, რომ მისი შრომითი უფლებები დაირღვა, წერილობით მოგვმართავს. პროფკავშირების წესდების შესაბამისად რომ ვიმოქმედოთ, წერილობითი ფორმით მომართვა აუცილებელია. ამის შემდეგ ვხვდებით დამსაქმებლებს და ვაცნობთ კონკრეტული დარღვევის შესახებ. პირველ ეტაპზე ვცდილობთ, აღნიშნული პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს – ვცდილობთ, შედეგს ურთიერთშეთანხმების შედეგად მივაღწიოთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული კლინიკები ჩვენთან ურთიერთობას თავს არიდებენ. როცა მოლაპარაკებების შედეგად შედეგს ვერ ვაღწევთ, სასამართლოს მივმართავთ, და მაშინ სასამართლო დარბაზში გვიწევს დამსაქმებელთან შეხვედრა.

სასამართლოს ხარჯებს პროფკავშირი ფარავს?

დიახ, ყველა ხარჯს პროფკავშირი ფარავს, მათ შორის – ბაჟის გადასახადსაც. ჩვენი იურისტები ჩვენს წევრებს – ზოგ შემთხვევაში, არა წევრებსაც – უფასოდ ემსახურებიან: უწევენ მათ კონსულტაციებს, ადგენენ სარჩელს, იცავენ მათ ინტერესებს სასამართლოში.

ჩვენ პროფესიონალ იურისტთა გუნდი გვყავს, რითაც ძალიან ვამაყობთ. წაგებული საქმე იშვიათად მახსენდება...

მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს, დაიცვან საქართველოს კანონი, რომელიც საერთოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის. ნუ არღვევენ დასაქმებულთა შრომით უფლებებს, ნუ შეჰყავთ სამედიცინო პერსონალი შეცდომაში. ამას შეგნებულად ვუსვამ ხაზს, რადგანაც ზოგჯერ დამსაქმებლები მათ ეუბნებიან: „კლინიკა კერძოა და მუშაობის პირობებს თავად ვარეგულირებთო,“ მაგრამ ეს არასწორია – როგორც უკვე გითხარით, კანონი ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს.

მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი მაქსიმალურად ვიცავთ ჩვენი წევრების უფლებებს. ისინი თავს დაცულად გრძნობენ – იციან, კანონის ფარგლებში მათ უფლებებს ყოველთვის დავიცავთ.

და რატომ ხდება ასეთი დარღვევები? კლინიკების დირექტორები და მეპატრონეები კანონებს არ იცნობენ?

სამედიცინო დაწესებულებას, როგორც წესი, ორი სახის დამსაქმებელი მართავს: ერთი – ბიზნესსექტორის წარმომადგენელია, მეორე კი – სამედიცინო კადრით დაკომპლექტებული საბჭო.

სამედიცინო სექტორთან ურთიერთობა უფრო იოლია, რადგან მათ იციან პროფესიული საქმიანობის ფასი და პატივს სცემენ მის სპეცფორმას. ისინი უკეთ იგებენ პრობლემებს და ცდილობენ გამოსავლის პოვნას.

ბიზნესმენებს კი სულ სხვა მიდგომა აქვთ – მათ ფული უფრო აინტერესებთ, ვიდრე პროფესიული საქმიანობა. სამწუხაროდ, მედპერსონალს და პაციენტებს ამ კუთხით უყურებენ... თითქოს გამომთვლელი მანქანა უჭირავთ ხელში და ითვლიან, რამდენი პაციენტი შემოვიდა და რამდენი ფული შემოიტანეს მათ კლინიკაში. მეტი მოგება რომ მიიღონ, კონსულტაციების დროს მაქსიმალურად ამცირებენ, რათა ექიმმა რაც შეიძლება მეტი პაციენტი მიიღოს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს. არც ექიმის გადაღლილობა აინტერესებთ და არც პაციენტის ჯანმრთელობა. ასეთი დაძაბული გრაფიკის შემდეგ კი, თვის ბოლოს, სამწუხაროდ, მედპერსონალს კუთვნილ ხელფასსაც არ უხდიან – რაც სამარცხვინოა.

ამიტომ მედპერსონალი ზოგჯერ იძულებულია, ქუჩაში გამოვიდეს და პროტესტი მშვიდობიანად გამოხატოს – თანაც ისე, რომ პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.

სამწუხაროდ, მედპერსონალის გამოხატულ პროტესტზე დამსაქმებლები აგრესიულად რეაგირებენ და უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურიდან, რითაც, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ. მაგრამ აქაც დარგობრივი პროფესიული კავშირი ვერთვებით და მედპერსონალს კანონიერი უფლებების აღდგენაში ვეხმარებით.

რა რჩება მთავარი გამოწვევად ამ სფეროში?

ხელფასები! სამედიცინო სექტორშიც დაწესდა მინიმალური ხელფასი, რაც პროფკავშირების დამსახურებაა. თუმცა ეს საკმარისი არ არის – ხელფასები აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

რამდენი იყო მინიმალური ხელფასი მანამდე?

საქმე ის არის, რომ მინიმალური ხელფასი საერთოდ არ არსებობდა – დამსაქმებლები იმდენს უხდიდნენ დასაქმებულებს, რამდენსაც თავად მიიჩნევდნენ საჭიროდ.

სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო სექტორში დაწესდა მინიმალური ხელფასი, და დამსაქმებელი ვალდებულია, შეასრულოს კანონის ეს ნორმა. ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები და ყველგან დაფიქსირდა მინიმალური ხელფასის ოდენობა.

მინიმალური ხელფასით კმაყოფილნი არ ვართ და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ.

როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს დამსაქმებლები?

ზოგმა ტყუილი დაიწყო – მედპერსონალს ეუბნებიან: „ნახეთ, ეს ბრძანება მომცა ჯანდაცვის სამინისტრომ – ამაზე მეტს ვერ გადაგიხდით.“  ამიტომაც, ვისაც ფიქსირებულ მინიმალურ ხელფასზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა, ხელფასი შეუმცირა... 

ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს უფლება არა აქვთ დასაქმებულებს მინიმალური ხელფასზე მეტი გადაუხადონ... სინამდვილეში, დადგენილ ნორმაზე ნაკლები არ შეუძლიათ გადაიხადონ, თორემ რაც უფრო მეტი ექნება მედპერსონალს ხელფასი, მით უკეთესი...

მინიმალური ხელფასით კმაყოფილნი არ ვართ და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, დაბალი ხელფასების გამო, დღესდღეობით სამედიცინო სექტორში მიგრაციული პროცესები დაიწყო... არის დასაქმებულთა მედპერსონალის კოლაფსი, რომელიც ეხება სანიტრებს, ექთნებს და ნაწილობრივ – ექიმებსაც. 

ვისურვებდი, რომ საქართველოში დასაქმებულ ყველა მედპერსონალს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები. იქნება სოლიდარობა – ყველაფერი გამოვა...

დიდი მადლობა, წარმატებები.



ლევან ხვინგია უკვე ორი წელია პროფკავშირებში იურისტად მუშაობს და სასამართლო დავები მიჰყავს. საინტერესო გამოცდილება აქვს - არცერთი საქმე ჯერ არ წაუგია... 

რამდენად შესაძლებელია დღეს სასამართლოში დასაქმებულის უფლებების დაცვა?

ძალიან ხშირად დამსაქმებლები აპროტესტებენ, ამბობენ, სასამართლო დასაქმებულების მხარეს უფრო დგასო... მაგრამ სასამართლო საკმაოდ ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს. საქმის მოგება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად სწორ ინფორმაციას იღებ კონსულტაციების დროს, რამდენად სწორად ხდება მტკიცებულებების მოგროვება და რამდენად აქტიურად არის პროფკავშირი ჩართული.

პრაქტიკაში სხვადასხვა შემთხვევა გვქონია. ხელფასის გარდა, კაბალური პირობების შემთხვევაც გვქონდა. მაგალითად, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში დამსაქმებელი სთხოვდა დასაქმებულს ტრენინგში გადახდილი თანხის დაბრუნებას ან ჯარიმის სახით ხელფასის დაკავებას. ჩვენ ჩავერთეთ, სასამართლომ მოახდინა რეაგირება და ასეთი პირობა უკანონოდ ცნო.

 სასამართლო დავების დროს რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე?

მთავარი პრობლემა მაინც დამსაქმებელთან კომუნიკაციაა. ისინი არც ჩვენს შეკითხვებს პასუხობენ და არც წერილობით კორესპონდენციას. არადა, ჯობია, მორიგება საწყის ეტაპზე მოხდეს. ზოგჯერ, სასამართლოების გადატვირთულობის გამო, საქმის განხილვა დიდხანს გრძელდება და განაჩენიც გვიან დგება. შედეგად, დამსაქმებელს უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს უკანონოდ გაშვებული თანამშრომლისთვის. საწყის ეტაპზე მორიგების შედეგად ყველაფერი ბევრად მარტივად შეიძლება გადაწყდეს. მაგრამ, თუ საქმე სასამართლოშია და თვეობით გრძელდება, დამსაქმებელს უკვე დაგროვილ ხელფასთან ერთად პირგასამტეხლოს გადახდაც უწევს. ეს კი ზოგ შემთხვევაში სოლიდური თანხაა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი