
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მემორიალთან, სადაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, გმირების ოჯახის წევრები და საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ქართველი მებრძოლების გმირული თავგანწირვა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
„დღეს შინდისის გმირების დღეა. დღე, როდესაც შინდისში 22 ქართველ ჯარისკაცსა და რუსეთის არმიის წარმომადგენელ 100 მოწინააღმდეგეს შორის გმირული ბრძოლა გაიმართა, სადაც ჩვენი ჯარისკაცები 5-ჯერ აღმატებულ მტერს შეებრძოლნენ. ხვალ ჩვენ აღვნიშნავთ დიდგორობას, სადაც ასევე 5-ჯერ აღმატებულ მტერთან იბრძოლა ქართველმა და გაიმარჯვა. 17 წლის წინაც, 22 ქართველი ჯარისკაცი 100-ის წინააღმდეგ მედგრად დადგა და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ყოველივე ეს გვაჩვენებს, რომ ქართველი ჯარისკაცისთვის, ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია. ყველა ბრძოლაში ქართველი მებრძოლი შედის როგორც დიდგორში და ეს, 17 წლის წინ შინდისის გმირებმა დაამტკიცეს. ამავე დროს, ეს გვაჩვენებს, რომ ყოველ ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდალი და გვახსენებს, რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. როდესაც ქვეყანას სათავეში უდგას მარიონეტული რეჟიმი, ასეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნებისა და ჯგუფების ინტერესებით და ასეც მოხდა - 17 წლის წინ, სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 17 წლის წინ, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი გეგმა დაიდო, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით არის ხელმოწერილი.
„ეს გეგმა დღემდე შესრულებული არ არის. მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე. 12 აგვისტოს ამ შეთანხმების გარანტორი ევროკავშირი იყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის და არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდევინებია. სწორედ ეს გაკვეთილი გვაქვს გამოვლილი. ამიტომაც გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა თავი ისეთ ომში, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და რომლის დასასრული ქართველმა ხალხმა კარგად იცის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
17 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |