მე იმედი მაქვს, რომ BBC გამოიჩენს კეთილგონიერებას და პირველსავე ეტაპზე დააკმაყოფილებს საქართველოს მხრიდან წამოსულ სარჩელს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია და დამყარებული მყარ მტკიცებულებებზე, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივარზე.
მისი თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ დაკვეთას ასრულებენ.
„თუ საჭირო გახდება, საქართველოს მხარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიტანს სარჩელს. ოპოზიციის წარმომადგენლები ემხრობიან BBC-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას და ეს არის ერთი ხელით მართული პროცესი როგორც BBC-მ მოამზადა სხვისი დავალებით ეს სიუჟეტი, ამ სხვისი დავალების შესაბამისად აკეთებენ განცხადებებს საქართველოში არსებული აგენტები“, - განაცხადა სეფაშვილმა.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |