საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, რომელიც არის დამაკავშირებელი ხაზი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 22 იანვარი 2026, 15:09

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების მხოლოდ ნაწილი თარგმნეს, მეორე ნაწილზე კი, სადაც საუბარია, რომ აზერბაიჯანი საქართველოში ინვესტიციებს დებს, განცხადებები არ მოგვისმენია და არც გავრცელებული ინფორმაცია გვინახავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ალიევმა აღნიშნა: „ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა“.

„კიდევ ერთი მაგალითია, როგორ შეუძლია ამ ქვეყნის ავის მსურველ პირებს, რომელთაც მხოლოდ ქართული პასპორტი აქვთ ჯიბეში, ცრუ კამპანიების გავრცელება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების მხოლოდ ნაწილი თარგმნეს და გაავრცელეს, მეორე ნაწილზე კი, სადაც პირდაპირაა საუბარი, რომ აზერბაიჯანი საქართველოში ინვესტიციებს დებს, რათა მოხდეს დაკავშირებადობა, ტრანსპორტის გადაადგილება, დამაკავშირებელი ხაზების რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობები, განცხადებები არაფერი მოგვისმენია, არც გავრცელებული ინფორმაცია გვინახავს.

რეალობაა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, რომელიც არის დამაკავშირებელი ხაზი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ჩვენი მომავლის მშვიდობიანი უზრუნველყოფა ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაა, ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იმ ქვეყნებს სჭირდებათ, რომლებსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობები აქვთ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გარკვეულ ძალებს ამ ქვეყნის არევა მათ შორის იმისთვისაც სჭირდებათ, რომ მაქსიმალურად შემცირებული იყოს დაკავშირებადობა და ქვეყნებს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. მაგალითად, ამის შედეგებს უკვე ვხედავთ ევროკავშირის მასშტაბით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ასევე განაცხადა: „ტრამპის მარშრუტით და ურთიერთდაკავშირებადობის პროექტის მიხედვით, შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც საქართველოზე უკვე გამავალ დერეფანს დაემატება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი