BFMTV-სთან ინტერვიუში საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და აშშ, დაახასიათა როგორც „იმპერიები, რომლებსაც ევროპის განადგურება სურთ“.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე მოუწოდებს „ძველ კონტინენტს“, არ მისცეს დონალდ ტრამპს უფლება, „მართოს მისი ბედი“.
„აშშ-ს არ უყვარს ევროპა და მისი განადგურება სურს“, - განაცხადა მიშელ ბარნიემ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია: „ახალ იმპერიებს“ - ჩინეთს, რომელიც „ჩვენ წინააღმდეგ სავაჭრო აგრესიას ეწევა“, რუსეთს, რომელიც „სამხედრო აგრესიას ახორციელებს“ და აშშ-ს, რომელსაც „არ უყვარს ევროპა“ - მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ევროპის „განადგურება“. პოლიტიკოსი აკრიტიკებს ევროკავშირს, რომელიც „კარგად ვერ ფუნქციონირებს“ და თავს „ძალიან გულუბრყვილოდაც“ კი ავლენს. ბარნიე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიის გარშემო არსებულმა დაძაბულობამ „ევროპული გამოღვიძება“ გამოიწვია, „ძველი კონტინენტი“ მაინც „არ იცავს თავს“. „მე არ მსურს, რომ ჩემი შვილების მომავალი ვაშინგტონში ან პეკინში წყდებოდეს“, - აცხადებს მიშელ ბარნიე.
„ეს გადაუდებელი საკითხია; როგორც მესმის, 5-7 წელიწადში ეკონომიკური ევროპა აღარ იარსებებს“, - სინანულით აღნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მკვეთრი და სწრაფი რეაგირების მომხრეა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |