აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ორშაბათს ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა და ორმხრივ ურთიერთობებში „ოქროს ხანა“ გამოაცხადა, მაშინ როდესაც უნგრეთი აპრილის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, - წერს გამოცემა POLITICO.
ევროპული ტურნეს დასკვნით ეტაპზე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუბიომ შეაქო პარტნიორობა, რომელიც, მისი თქმით, არის „ისეთი მჭიდრო, როგორიც კი შემიძლია წარმოვიდგინო“.
მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „არაჩვეულებრივად ახლო ურთიერთობას“ უნგრეთის ლიდერთან და აღნიშნა, რომ „თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა“.
მან დასძინა, რომ უნგრეთის კეთილდღეობა ვაშინგტონის ეროვნულ ინტერესებში შედის „მანამ, სანამ თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი“. მისივე თქმით, ორ ქვეყანას „ჯერ კიდევ არ აუთვისებია იმ პოტენციალის მცირედიც კი, რისი მიღწევაც ერთად შეუძლიათ“.
ორბანმა განაცხადა, რომ უნგრული დემოკრატია „ძალიან ძლიერია“ და რომ მთავრობა „უნგრეთში არჩევნების შემდეგ უნგრელების ნება-სურვილის საფუძველზე ჩამოყალიბდება“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |