El Pais: საფრანგეთი და იტალია პუტინთან პირდაპირი დიალოგის განახლებას ითხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 17 თებერვალი 2026, 19:46

ოთხ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ჯერ კიდევ არ იყო შეჭრილი, თუმცა ამის ნიშნებს უკვე იძლეოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კრემლში ვლადიმირ პუტინს ეწვია, რათა მისი იმპერიალისტური მისწრაფებების შეჩერება ეცადა - ავტოკრატმა ის [მაკრონი], მტკიცედ განწყობილი იუპიტერივით, გიგანტური თეთრი მაგიდის საპირისპირო ბოლოში დასვა - საუბრისას, რომელიც პუტინის გადასარწმუნებლად ამაო აღმოჩნდა; ეს მაგიდა იყო და დღემდე რჩება რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული იმ უზარმაზარი დაშორების სიმბოლოდ, რომელმაც მოსკოვთან კავშირები ომის დაწყებიდან მალევე გაყინა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „საფრანგეთი და იტალია პუტინთან პირდაპირი დიალოგის განახლებას ითხოვენ“.

დღეს ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინთან ურთიერთობები გაააქტიურა და მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგის მაგიდა გამართა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად - და, ამავდროულად, სარფიანი გარიგებების დასადებად. თუმცა, ამ მაგიდასთან ევროპელები არ სხედან, რაც ხელახლა შთაბერავს სულს დებატებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

საფრანგეთი და იტალია პუტინთან საუბრის განახლების აუცილებლობის იდეას იცავენ, რათა არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში იმ დიალოგში, რომელსაც მთლიანად შეერთებული შტატები მართავს და რომელზეც იქნება დამოკიდებული ევროპის - უკრაინის მთავარი დონორის - უსაფრთხოების არქიტექტურა.

გერმანია და გაერთიანებული სამეფო, პირიქით, მიიჩნევენ, რომ ახლა არ არის პუტინთან საუბრის დრო, რომელსაც არა მხოლოდ არ გამოუვლენია კიევზე თავდასხმების შეწყვეტის მზაობა, არამედ დაიწყო სასტიკი კამპანია უკრაინის ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რათა გატეხოს ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგობა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ზამთარში, რაც კი ახსოვთ.

ამის პარალელურად, ორივე ჯგუფი თანხმდება, რომ აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება მისი დასუსტებისა და მოლაპარაკებების წინ კიევის პოზიციების გასამყარებლად. ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირს გააჩნია ზემოქმედების ბერკეტები და ის არ არის უბრალო დამკვირვებელი, რომელიც მხოლოდ ვაშინგტონის დიქტატის მორჩილებით შემოიფარგლება.

თეთრ სახლში ტრამპის მოსვლის შემდეგ - რომელიც პუტინთან დიდ სინქრონულობას ავლენს - და მისი იზოლაციონისტური პოლიტიკის ფონზე, ევროპამ დაინახა, რომ კიევის მხარდაჭერაში ის მარტოა. შეერთებული შტატებისთვის ეს ომი პრიორიტეტებს შორის მეორეხარისხოვან ადგილს იკავებს, რაც მათმა წარმომადგენლებმა ამ უქმეებზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ადრე ყველაზე ატლანტისტური ევროპის სიმბოლო იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თავის გამოსვლაში უკრაინა მხოლოდ გაკვრით ახსენა, ისიც იმის აღსანიშნავად და საბრალდებო ტონით სათქმელად, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ კონფლიქტთაგან, რომელთა მოგვარებაც გაერომ ვერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: სამართლიანი არ არის, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია მშვიდობის წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგან საკუთარ მომავალს ამაში ხედავდა
მსახიობი შაია ლაბაფი ორი მამაკაცის მიმართ თავდასხმის შემდეგ დააკავეს
სუს-ი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე: თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ
რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები 2026 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე საკუთარ ქვეყნების დროშებით გამოსვლას შეძლებენ
არქივი