უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტარიფების შესახებ უკიდურესად დასანანია - მრცხვენია სასამართლოს გარკვეული წევრების გამო, რომელთაც არ ეყოთ სიმამაცე, გაეკეთებინათ ის, რაც მართებული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო მოსამართლეებს - ტომასს, ალიტოსა და კავანოს - თქვენი სიმტკიცის, სიბრძნისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, რომელიც ახლა ძალიან ამაყობს თქვენით. როდესაც კითხულობთ [სასამართლოს] განსხვავებულ მოსაზრებას, შეუძლებელია ვინმემ მათ წინააღმდეგ არგუმენტი მოიყვანოს. უცხო ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში გვძარცვავდნენ, აღფრთოვანებულები არიან და ქუჩებში ცეკვავენ - მაგრამ ისინი დიდხანს ვერ იცეკვებენ! სასამართლოში მყოფი „დემოკრატები“ აღფრთოვანებულნი არიან, მაგრამ ისინი ავტომატურად წინააღმდეგ მისცემენ ხმას ნებისმიერ რამეს, რაც ამერიკას კვლავ ძლიერსა და ჯანსაღს გახდის. ისინიც სირცხვილი არიან ჩვენი ერისთვის. სხვებს ჰგონიათ, რომ „პოლიტკორექტულები“ არიან, რაც ადრეც ბევრჯერ მომხდარა ამ სასამართლოს გარკვეული წევრების მხრიდან - მაშინ, როცა სინამდვილეში ისინი უბრალოდ სულელები და რადიკალი მემარცხენე „დემოკრატების“ მორჩილები არიან. თუმცა ამას საქმესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, ისინი მაინც ძალიან არაპატრიოტები და კონსტიტუციის მიმართ არაერთგულნი არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„გასული წლის განმავლობაში მე ძალიან ეფექტურად გამოვიყენე ტარიფები, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გამეხადა. ჩვენმა საფონდო ბირჟამ სულ ახლახან გადალახა 50,000-იანი ნიშნული DOW-ზე და, ამავდროულად, 7,000-იანი S&P-ზე - ეს არის ორი ციფრი, რომლებზეც ჩვენი დამაჯერებელი საარჩევნო გამარჯვების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ჩემი ადმინისტრაციის დასრულებამდე, ანუ ოთხ წელიწადშიც კი ვერ მივაღწევდით! ტარიფები, ასევე, გამოყენებული იყო რვა ომიდან ხუთის დასასრულებლად, რომლებიც მე მოვაგვარე; მათ [ტარიფებმა] მოგვცეს უდიდესი ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენს მტკიცე საზღვართან ერთად, 30%-ით შეამცირეს ჩვენს ქვეყანაში შემოსული ფენტანილი, რადგან ტარიფებს ვიყენებ, როგორც სასჯელს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ საწამლავს არალეგალურად გვიგზავნიან. ყველა ეს ტარიფი ძალაში რჩება, ხოლო იმ ტარიფების ჩასანაცვლებლად, რომლებიც სასამართლომ არასწორად უარყო, ახლა სხვა ალტერნატივებს გამოვიყენებთ“, - დასძინა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |