უკრაინის მთავრობამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე ყაზახეთში არსებულ ამერიკულ ინტერესებს შეეხო, - განაცხადა უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოლგა სტეფანიშინამ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ყაზახური ნავთობის უდიდესი ნაწილი ექსპორტისთვის სწორედ ნოვოროსიისკში იგზავნება.
სტეფანიშინამ უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დიპლომატიური შეტყობინების - ე.წ. „დემარშის“ - დეტალების გამჟღავნებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ის ფოკუსირებული იყო დარტყმებზე, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს აზიანებს და არა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე.
„ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომ თავი უნდა შევიკავოთ... ამერიკულ ინტერესებზე თავდასხმისგან“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ეს მიმართვა არ უკავშირდებოდა უკრაინისთვის მოწოდებას, თავი აარიდოს რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. ეს ეხებოდა უშუალოდ იმ ფაქტს, რომ იქ ამერიკული ეკონომიკური ინტერესები დაზიანდა“.
მან აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი ცხადყოფს უკრაინის მარცხს აშშ-თან მსგავსი მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარებაში საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ათწლეულებში; მან დასძინა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ ვითარების შეცვლა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |