დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს დეპორტაციით ემუქრება. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის თქმით, კონგრესში მისი გამოსვლის დროს დემოკრატი კონგრესმენების, ილჰან ომარიასა და რაშიდა თლაიბის ქცევა მიუთითებს, რომ ისინი შეშლილები არიან და საჭიროა მათი დეპორტაცია. ტრამპი აშშ-დან გაძევებით ასევე დაემუქრა მსახიობ რობერტ დე ნიროს, რომელსაც „ავადმყოფი“ უწოდა.
„როდესაც უყურებ დაბალი IQ-ს მქონე ილჰან ომარს და რაშიდა თლაიბს, რომლებიც უკონტროლოდ ყვიროდნენ გუშინ ღამით კონგრესის წინაშე ჩემი ძალიან ელეგანტური გამოსვლის დროს, ასეთი მნიშვნელოვან და ლამაზ ღონისძიებაზე, ხედავ მათი უპეებიდან გადმოვარდნილ, გიჟების, შეშლილი ადამიანების, ფსიქიკურად ავადმყოფების წითელ თვალებს, ისე გამოიყურებიან, რომ მათი ფსიქიატრიულში გადაყვანაა საჭირო. ისინი მოსყიდული და კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაგზავნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ. მათ შეუძლიათ, აშშ მხოლოდ დააზიანონ, მათ ჩვენი ქვეყნის დახმარება არ შეუძლიათ“, – წერს ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპი ასევე აკრიტიკებს ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობ რობერტ დე ნიროს და მისი ქვეყნიდან გაძევებითაც იმუქრება.
„ისინი ერთ ნავში უნდა ჩასხდნენ ტრამპზე გადაკიდებულ რობერტ დე ნიროსთან, კიდევ ერთ ავადმყოფ და გონებაარეულ ადამიანთან ერთად, რომელსაც, როგორც მე მივიჩნევ, უკიდურესად დაბალი IQ აქვს, აბსოლუტურად არ იცის, რას აკეთებს ან ამბობს და ზოგიერთი მისი გამონათქვამი ნამდვილი კრიმინალია“, – წერს დონალდ ტრამპი.
რობერტ დე ნირომ, რომელიც ტრამპის მიმართ კრიტიკით არის ცნობილი, მანამდე განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ტრამპი არასდროს დატოვებს თეთრ სახლს საკუთარი ნებით და ამერიკელებმა ის უნდა მოიშორონ. ამასთან, დე ნირო მონაწილეობდა ღონისძიებაში, რომელიც კონგრესში ტრამპის გამოსვლის პარალელურად გაიმართა, სადაც მსახიობმა თქვა, რომ ახლა აშშ-ს რამდენიმე ხარბი და სასტიკი ავტორიტარი მართავს.
„მე ვგრძნობ, რომ ჩემმა სამშობლომ მიღალატა. ის არ არის ვალდებული, იყოს იდეალური, მაგრამ აუცილებელია, დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ ძლიერება და ადამიანობა მოგვცეს“, – განაცხადა რობერტ დე ნირომ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |