ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამართულ დაკითხვაზე განუცხადა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში ბილ კლინტონმა ჩვენება დახურულ კარს მიღმა მისცა, ხოლო მისი შესავალი სიტყვა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
„მე არაფერი მინახავს და ცუდი არაფერი ჩამიდენია. პირველ რიგში, ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. ვიცი, რაც ვნახე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ მინახავს. ვიცი, რაც გავაკეთე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიცი რაც არ გამიკეთებია“, - განაცხადა ბილ კლინტონმა.
ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით სულ მცირე 16-ჯერ იფრინა. კლინტონი აცხადებს, მათი კონტაქტი პრეზიდენტობის შემდეგ მის საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება. ასევე, მისი მტკიცებით, ეპშტეინთან ურთიერთობა ორი ათეული წლის წინ გაწყვიტა და რომ მისი დანაშაულების შესახებ არაფერი იცოდა.
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში გუშინ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც დაკითხეს.
„წარმოდგენა არ მქონდა მათი კრიმინალური საქმიანობის შესახებ. არ მახსოვს, ოდესმე შევხვედროდი ბატონ ეპშტეინს. არასდროს მიფრენია მისი თვითმფრინავით და არასდროს ვყოფილვარ მის კუნძულზე, სახლებსა თუ ოფისებში“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |