ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში, - განაცხადა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი.
„მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ მხრივ, საქართველოშიც იგივე პრობლემები გვაქვს. ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით, ჩვენ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. როდესაც ვსაუბრობთ სტრუქტურულ გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინა ჩვენს ნარკომანიასთან ბრძოლის დანაყოფს დავუმატეთ დანაყოფები ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს ეხება, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო თუ საფოსტო, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანები ხშირად იყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, სწორედ ამ დანაყოფების საქმიანობამ ძალიან შედეგი გამოიღო, რაც ნამდვილად საამაყოა. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა იქნა აღკვეთილი ამ დანაყოფების მხრიდან, რომელიც საქართველოს ბაზარზე უნდა დარჩენილიყო და შემდეგ რეალიზაციაში გაშვებულიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |