გამოცემა The Washington Post-ი ირანში საბრძოლო მოქმედებების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს გარემოება ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს.
სტატიაში სახელწოდებით „ირანის ომში არის ორი გამარჯვებული. არცერთი მათგანი არ არის ამერიკა“ აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ მათი ქვეყანა აღარ არის ჰორმუზის სრუტეში გამავალ ნავთობზე დამოკიდებული, პრაქტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს: გასულ კვირას აშშ-ში ბენზინზე ფასი 14%-ით გაიზარდა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ირანის ბირთვული პროგრამა გასული წლის ივნისში ამერიკელების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად, სრულად თუ არა, სერიოზულად დაზიანებული იყო და მის აღდგენას ათწლეულები დასჭირდებოდა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ირანის მხრიდან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობდა, რის გამოც 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავდასხმა უნდა დაეწყო. The Washington Post-ი ირწმუნება, რომ ამერიკას ახლა დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში ომის დაფინანსება უწევს, ხოლო სახელმწიფო ვალი უკვე 39 ტრილიონ დოლარს უახლოვდება. აღნიშნული გარემოება, სავარაუდოდ ხელს შეუშლის აშშ-ს კონკურენცია გაუწიოს ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც არიან ირანის მოკავშირეები რუსეთის და ჩინეთი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი უკვე ხეირობს ირანის ომით. სტატიის ავტორის მტკიცებით, ომის დაწყებამდე ნავთობი 73 დოლარი ღირდა, ხოლო ახლა მისი ფასი 100 დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, ტრამპმა ინდოეთს სანქციები შეუმსუბუქა და უფლება მისცა იყიდოს რუსული ნავთობი, რაც, თავის მხრივ, რუსულ სამხედრო მანქანას დააფინანსებს.
ამასთან ერთად, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ სწრაფად ხარჯავს რაკეტების შეზღუდულ მარაგს, რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანთან ომის სამ დღეში Patriot-ის რაკეტების იმაზე მეტი რაოდენობა დაიხარჯა, რაც უკრაინამ 2012 წლიდან დახარჯა.
„წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის უკრაინული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა შეიძლებოდა, ტრამპს რომ უკრაინისთვის Patriot-ის მეტი რაკეტა გადაეცა და არ მიეღო მონაწილეობა ირანთან „ახირების ომში“, როგორც მას ერთმა ჟურნალისტმა უწოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |