საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო დონეზე უფრო მიმზიდველი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შემოღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც ათწლიან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, უკვე იწვევს ინტერესს რეგიონული სტარტაპების მხრიდან და ქვეყანას აქცევს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11-მა ქართულმა სტარტაპმა უკვე ისარგებლა საკანონმდებლო შეღავათით. ისინი, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში, ნულპროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით ისარგებლებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო შეღავათით რეგიონული სტარტაპებიც დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი საქმიანობას საქართველოდან განაგრძობენ.
„ინოვაციური სტარტაპის სტატუსით რეგიონული სტარტაპები ინტერესდებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოსვლას და პროექტების განხორციელებას განიხილავენ – სტატუსთან ერთად, ქვეყანაში შექმნილია ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლითაც საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია სტარტაპის განვითარებისთვის რეგიონში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |