ადამიანები, რომლებიც ვითომ ცრემლით ივსებდნენ თვალებს, კარგად ვიცით, ვინ არიან – ეკლესიის მაგინებლები და შეურაცხმყოფელები, მათ მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ის ფარისევლობაა, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართებოდა ხოლმე, სადაც ჩართულები არიან დაფინანსებული, დაჭერილი და ხელშეწყობილი ადამიანები. უდიდესი ინსტიტუცია, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აერთიანებს, ამიტომაც არის განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი, როგორც საქართველოს პატრიარქი წარსულში და ახლაც, მთლიანად ეკლესია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს, მოუსმენს და დაეყრდნობა ქართველი ხალხი. როდესაც არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მხარდაჭერა ექნებათ, ზუსტად მაშინ იწყება ერის დაცემა და ზუსტად ეს მიზანი აქვთ იმ გარკვეულ ძალებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარი გავლენა გაავრცელონ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მეუფე შიოსთან დაკავშირებითაც ჩვენ გვესმოდა არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება, არაერთი ტყუილი და არაერთი უსაფუძვლო ბრალდება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ეკლესიაში განხეთქილების ჩამოგდებისკენაა მიმართული, რაც ეკლესიის ავტორიტეტის დაზიანებას ემსახურება. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოსვლია არცერთი საუკუნის განმავლობაში არცერთ ამ ქვეყნის ავის მოსურნეს და, რა თქმა უნდა, არც მომავალში გამოუვათ. ის ადამიანები, რომლებიც ვითომ ცრემლით ივსებდნენ თვალებს, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან. ისინი ეკლესიის მაგინებლები და ეკლესიის შეურაცხმყოფელები არიან და ქართულ საზოგადოებას არაერთი კომენტარი, არაერთი პოსტი და მათი განცხადება ახსოვს. მათ მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ზუსტად ის ფარისევლობაა, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |