არავის აქვს უფლება ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერს დაუსვეს კითხვა „სქაი ნიუსის“ ინფორმციაზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვის თობაზე.
კახა კალაძის თქმით, დიდი ბრიტანეთიც იმავეს აკეთებენ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა საქართველოსთან მიმართებით ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს.
„ზუსტად ასეთ ორმაგ სტანდარტზე ვსუბრობთ, ის, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის ყველაფერი მისაღებია. როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს შენს შიდა პოლიტიკას, ეს არის წარმოუდგენელი და ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა იმოქმედებს, მიიღებს კანონებსა და შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ აღნიშნული არ დაუშვას. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა. დამფინანსებელი თავის ინტერესებს იცავს და უნდა, მისი ინტერესები გაითვალისწინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საქართველოსთვის გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი ნაბიჯი იყო.
„გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი იყო. აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს ის, თუ საიდან შემოდის თანხები, რისთვის, რას ხმარდება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მაგრამ ეს არ მოსწონთ იმიტომ, რომ უნდათ ყველაფერი შავად იყოს, არავინ არაფერი იცოდეს და როგორც უნდათ, ისე იმოქმედონ. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. ამაზე ბევრი ახსნა-განმარტებაც გავაკეთეთ. ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ საქართველოს ინტერესს. ისინიც იმავეს აკეთებენ. მათთვისაც მნიშვნელოვანია, თავიანთი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არავინ ჩაერიოს და არ შევიდეს უცხო დაფინანსება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |