ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ალიანსში ინტეგრაციასა და მიმდინარე სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
რუტეს განცხადებით, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა, კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეუფერხებლად გრძელდება.
მისი თქმით, ნატო სრულად უწევს კოორდინაციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, სამხედროების წვრთნასა და მიღებული გამოცდილების გაზიარებას ალიანსის შიგნით.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად აქტიური მხარდაჭერისა, ნატო საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.
გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის დე ფაქტო ინტეგრაციას ალიანსის თავდაცვის სისტემაში, რუტემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს „გზა ნატოსკენ“, თუმცა აღიარა, რომ წევრობის საკითხი ამ მომენტისთვის არ განიხილება.
„მე არ მსურს ამ პროცესს რაიმე მკაფიო დეფინიცია მივცე“, - განაცხადა რუტემ უკრაინის ალიანსში ფაქტობრივი ჩართულობის კომენტირებისას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |