თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეშფოთება გამოხატეს ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეეზღუდა. ამის შესახებ ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დილით ვესაუბრე რუბიოს და ჩვენ ისრაელს გამოვუხატეთ ჩვენი შეშფოთება ამ წმინდა ადგილების დახურვასთან დაკავშირებით. გვსურს, მლოცველებს ამ წმინდა ადგილებზე მისვლის საშუალება ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება პირველ პრიორიტეტად რჩება, თუმცა ვიცით, რომ ისრაელი მუშაობს უსაფრთხოების ზომებზე, რათა დიდი მარხვის ბოლო კვირის განმავლობაში ადგილები ხელახლა გახსნას და ამას ჩვენ ვაფასებთ“, – აღნიშნა ლევიტმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს. თუმცა ისრაელის მთავრობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს ლოცვის უფლება მიეცემათ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |