საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალის მხრიდან გაგრძელდა ქართველების შევიწროვების, საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის კონტაქტების გაწყვეტისა და მათი რუსიფიკაციისკენ მიმართული მცდელობები, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
უწყების ცნობით, 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონოდ დაკავების – 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართუებით 40 შემთხვევა. „ორივე მიმართულებაზე გაგრძელდა ე.წ. ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა, სხვადასხვა გამონილი ბრალდებით, მათ შორის „ჯაშუშობის“, ე.წ. კონტრაბანდის, ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და სხვა. 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ის მოქალაქეები, რომელთაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს. კერძოდ, ქრისტინე თაკალანძე და კახა მურადოვი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად გრძელვადიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ – ირაკლი ბებუა, ივანე ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი“, – ნათქვამია ანგარიშში.
სუსი-ს განმარტებით, საოკუპაციო ძალა მიზანმიმართულად ცდილობს, უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს. „აღნიშნული მოცემულობა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევების ფონზე ხდება. მიუხედავად გამოწვევებისა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |