„ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სამთავრობო ცვლილებები მედიასთან შეაფასა. მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები გაზრდის უსაფრთხოების დაცვის ხარისხს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„როცა ვხედავთ, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში უსაფრთხოების გაზრდიდან გამომდინარე რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი, ბუნებრივია, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც საქართველოს სჭირდება როგორც უსაფრთხოების, ისე საკადრო ცვლილებების კუთხით. ამაში სავარაუდოდ ვხედავთ, რომ იქნება უფრო მაღალი ხარისხის კოორდინაცია სამართალდამცავ უწყებებს შორის, რამაც წესით უნდა გაზარდოს უსაფრთხოების დაცვის ხარისხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ბოლო პერიოდში შსს ჰქონდა წარმატებები რამდენიმე მიმართულებით და ეს არის თვალსაჩინო. აქედან გამომდინარე ახალ პოზიციაზე მისი [გეკა გელაძე] წარდგენა, ესეც ემსახურება იმას, რომ უსაფრთხოების საკითხები იყოს მეტად კოორდინირებული“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |