საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვდასხვა მიმართულებით და ფუნდამენტურად შევძელით ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები და მინდა მას და მის გუნდს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეკა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მან შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ სულხან თამაზაშვილი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი. ამის გამოხატულებაა ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე. მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი და სულხან თამაზაშვილის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |