მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში წარდგენისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით გამოვარჩიო და მადლობა გადავუხადო აწ უკვე მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პატარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |