ივანე ჯავახიშვილი 150 - საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 23 აპრილი 2026, 19:03

23 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი მიქანაძემ, თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის ეზოში გვირგვინით შეამკეს ივანე ჯავახიშვილის საფლავი. ასევე, თსუ პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან გახსნეს ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი, რომელიც ცნობილმა მოქანდაკემ ბიძინა ავალიშვილმა გასული საუკუნის 1078 წელს შექმნა.

ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს თსუ მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ივანე ჯავახიშვილი 150“, რომელშიც ქართველებთან ერთად 15 ქვეყნის 20-მდე უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის წამყვანი ქართველოლოგიური ცენტრებიდან.

კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა: „ივანე ჯავახიშვილი აერთიანებდა უდიდეს ცოდნას. ის იყო ავტორი ფუნდამენტური გამოკვლევებისა - ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში, ენათმეცნიერებაში, ეკონომიკის ისტორიაში, სამართლის ისტორიაში, მუსიკის ისტორიაში, არქეოლოგიაში, მედიცინის ისტორიაში, კავკასიოლოგიაში, ეთნოლოგიაში, სამხედრო საქმეში, გეოგრაფია-კარტოგრაფიაში, ეკლესიის ისტორიაში, არმენოლოგიაში, წყაროთმცოდნეობაში, პედაგოგიკაში, მუზეუმთმცოდნეობაში და სხვა. მაგრამ ყველაზე გამორჩეული საქმე მაინც, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაა. იგი იყო და არის მაგალითი თავისი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, მოკრძალებით, თავმდაბლობით, პრინციპულობით და სამშობლოსადმი სიყვარულით.“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი მიქანაძის თქმით, „ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა უკეთესი, განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, საკუთარ კვალს დაატყობდა მსოფლიო ცივილიზაციას თავისი უნიკალური კულტურითა და მდიდარი ისტორიით. იგი წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისთვის და ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. სწორედ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარ კერას, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.“

„ჩვენი ერის ისტორია გამოარჩევს ისეთი ერისკაცების ღვაწლს, რომლებიც თავიანთი თავმდაბალი ცხოვრებით ყოველდღიურად ამოწმებენ ჭეშმარიტ სიყვარულს უფლის, სამშობლოს და მოყვასისადმი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ არა უბრალოდ დიდ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც ჩვენს ერს, მის მომავალ თაობას გაუკვალა ცოდნისკენ მიმავალი გზა. ივანე ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ რიგითი სახელი ჩვენს სასიქადულო მამულიშვილთა შორის. ის არის ცოდნის და საქმის სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ხატება, რომელმაც თავისი თავმდაბალი, დაუღალავი, შეუპოვარი შრომით, ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებს კი - ეროვნული მისია,“ - აღნიშნა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ.

დიდი მეცნიერის საიუბილეო ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ (ლადო) პაპავა და საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე დავით გურგენიძე.

ღონისძიებაზე თსუ შემოქმედებითმა ჯგუფებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საგალობელი „წმინდაო ღმერთო“.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ პრეზენტაცია, რომელშიც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ივანე ჯავახიშვილის როლი საქართველოს ისტორიაში. კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, „ივანე ჯავახიშვილმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. ის იყო მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ევროპული მოდელის ეს უმაღლესი სასწავლებელი ყველაზე ძველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. ამით ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით და ვიამაყებთ. ფილმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ეძღვნება, გვარწმუნებს იმაში, რომ განათლება ეროვნული იდენტობის ძლიერ საძირკველზე დგას.“

კვირეულის ფარგლებში უკვე გაიმართა არაერთი ღონისძიება: დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული და ფინალისტი სკოლის მოსწავლეები; მოეწყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთების, ხელნაწერების, წიგნების, ფოტოების და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც თსუ-ის მუზეუმშია დაცული; ასევე, გაიმართა თსუ-ის ბიბლიოთეკაში დაცული მასალების - ივანე ჯავახიშვილის წიგნების, პირველი სამეცნიერო სტატიის და მის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა; წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი.

იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი მონეტის და საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვა თქვა და დეტალურად ისაუბრა, თუ რა ქონებებს ფლობს ის და მისი ოჯახი
პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
ზურაბ პატარაძე: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში - ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ
გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს შსს-ში მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ეს ულამაზესი მხარე ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
არქივი