სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 23 აპრილი 2026, 20:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა, რომელზე შეთანხმებაც რამდენიმე კვირის წინ შედგა.

კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით. ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გიორგი ხაინდრავამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას და ზეგავლენით ვაჭრობას.

მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დასაბუთებული მტკიცებულებებით ზედა ინსტანციები ბრალდებულებთან დაკავშირებით ზუსტად იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საქალაქო სასამართლომ მიიღო
ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვა თქვა და დეტალურად ისაუბრა, თუ რა ქონებებს ფლობს ის და მისი ოჯახი
პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
ივანე ჯავახიშვილი 150 - საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში
ზურაბ პატარაძე: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში - ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ
არქივი