საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
„2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1
ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან
შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.
აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 452) და
დადებითი მიგრაციული სალდო (17 127).
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 62.7 პროცენტი ცხოვრობს
საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 887.6 ათასი შეადგინა, ხოლო
ქალების რიცხოვნობამ – 2 053.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 50 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 50 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით“, - აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |