2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს.
„აღსანიშნავია, რომ 2025 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 452) და დადებითი მიგრაციული სალდო (17 127).
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 62.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.0 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 62.9 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 18.1 პროცენტს.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 887.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 2 053.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი,ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 50 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 50 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
2025 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობამ შეადგინა 76.0 წელი, მათ შორის კაცებისათვის – 71.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 80.6 წელი.
2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5.8 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 3.2 პროცენტით შემცირდა და 131 501 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების, ისევე, როგორც ემიგრანტების 85.9 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2025 წელს, იმიგრანტების 47.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 51.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |