მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირთან დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს, თუმცა გვადანაშაულებენ, რომ ასე მოვიქეცით, პოლიტიკურ ინსტრუმენტად პროცესის გამოყენება აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების იდეას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 24 აპრილი 2026, 16:51

საქართველოს არასოდეს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოს არასოდეს შეუჩერებია პროცესი, თუმცა გვადანაშაულებენ, რომ ასე მოვიქეცით, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით – „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი თაღი“.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, საბოლოო ჯამში, აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების იდეას.

„ერთი რამ, რაც ბოლო წლებში ვნახეთ, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის განაცხადის შემდეგ, და უნდა ვთქვა, ეს სიხარულს არ მანიჭებს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოში სულ უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ეს აზიანებს მთელ პროცესს. ეს არის ის, რაც თავიდან უნდა ავირიდოთ – ევროინტეგრაციის იარაღად გამოყენება. არ გვჭირდება ამ პროცესის იარაღად ქცევა, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების მთელ იდეას.

ეს განსაკუთრებით რთულია იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც საქართველო იმყოფება. ამიტომ, ვიყოთ გულახდილები და სამართლიანები: დიალოგზე როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოს არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე. საქართველოს არასოდეს შეუჩერებია პროცესი, თუმცა გვადანაშაულებენ, რომ ასე მოვიქეცით. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოსთან არასოდეს დაწყებულა. ეს ევროპული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამას ხშირად ვაცხადებთ. ევროპელი ლიდერები როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, საქართველო ამისთვის მზად იქნება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და არ არის მხოლოდ ევროპული მხრიდან გადაწყვეტილებები. ძალიან კარგად ვიცით, რისი გაკეთება გვჭირდება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა – ეს არის არსებითი საფუძველი. ამის გარეშე ძალიან რთული იქნება სხვა რამეზე საუბარი. ასე რომ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მეორე მიმართულება არის ეკონომიკური განვითარების დინამიკის შენარჩუნება, რომელიც შთამბეჭდავია, თუმცა გვჭირდება მუშაობა ამ მაჩვენებლების ზრდის შესანარჩუნებლად. ეს მნიშვნელოვანია ევროპული გაფართოების პერსპექტივიდანაც, რადგან, საბოლოო ჯამში, კონკურენტუნარიანი ქვეყანა უნდა იყო ევროპულ ქვეყნებს შორის.  დღეს ევროპული ქვეყნები ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან, საქართველოზე ძლიერი. ამ პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიზანი, ევროკავშირის ფარგლებში კონკურენტუნარიანი ქვეყანა გავხდეთ და ეს ბევრ რეფორმას მოითხოვს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - დელფოსის ფორუმის ფარგლებში ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ალიანსს აჩვენებს, ვინ არის უფროსი „ნაცებში”. ინტერესით ვაკვირდები და მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ
მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
არქივი