ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის დელფოსის სამიტი იყო საუკეთესო შესაძლებლობა გვესაუბრა, როგორ ვხედავთ შუა დერეფნის განვითარებას, რას აკეთებს საქართველო, რათა წვლილი შეიტანოს ამ დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა, ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად გაფართოების კონტექსტზე ემსჯელა.
„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან. წლევანდელი მსჯელობა დიდწილად დაეთმო სწორედ ალტერნატიული გზების განვითარების შესაძლებლობებს, ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, შუა დერეფანი უყურადღებოდ ვერ დარჩება. არაერთი პანელური დისკუსია მიეძღვნა სწორედ შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიას, შუა დერეფნის განვითარებას და
ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის, იყო საუკეთესო შესაძლებლობა, გვესაუბრა, როგორ ვხედავთ შუა დერეფნის განვითარებას, რას აკეთებს საქართველო, რათა წვლილი შეიტანოს ამ დერეფნის განვითარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება.
მქონდა შესაძლებლობა, ევროკომისართან ერთად გვემსჯელა სწორედ გაფართოების კონტექსტზე და გაფართოებაზე უსაფრთხოების კონტექსტში, რაც თავისთავად ასევე მოიცავს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც დაეთმო ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ კარგი შესაძლებლობა იყო კოლეგებთან კომუნიკაციისთვის, შეხვედრებისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე ფართო ყურადღების გამახვილებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |