აშშ-მა და ევროკავშირმა იშვიათი მინერალების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმს ხელი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა მოაწერეს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეთანხმება ითვალისწინებს იშვიათი მინერალების შესყიდვის წახალისებას, მათ შორის მინიმალური ფასების მექანიზმების შექმნას. აღნიშნული ზომები უპირატესობას მიანიჭებს იმ მომწოდებლებს, რომლებიც ჩინურ კომპანიებს არ წარმოადგენენ.
როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, სტრატეგიული რესურსების ერთ ან რამდენიმე ქვეყნის კონტროლის ქვეშ მოქცევა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოში, განსაკუთრებით დასავლელ მოკავშირეებსა და ევროპაში, იზრდება ცნობიერება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვები და კრიტიკული მინერალები ეკონომიკებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
თავის მხრივ, შეფჩოვიჩმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.
„მჯერა, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის წყალობით ჩვენ კიდევ უფრო სტრატეგიულები ვიქნებით, ჩვენს მიზნებს გაცილებით სწრაფად მივაღწევთ და, რა თქმა უნდა, ერთად უფრო ძლიერები გავხდებით ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში“, – განაცხადა შევჩოვიჩმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |