ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.
„სამწუხაროდ, ბრიუსელის ქმედებები შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისათვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |