იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობის მხრიდან ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზეა საუბარი.
ჭეიშვილის თქმით, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაერთხელ დაფიქსირდა.
„სამწუხაროდ, არაერთხელ დაფიქსირდა ელჩების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან, უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, დღის წესრიგში არ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ზოგადად, მოხდეს ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან, თუ ელჩებთან ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ის, რომ საქმე ჩვენ იმდენად პერსონალებთან არ შეიძლება გვქონდეს, რამდენადაც საკუთრივ მიდგომასთან. მიდგომასთან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან; რომელიც მომდინარეობს ბრიუსელის მხრიდან და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პირები პირდაპირ წარმოადგენენ, ფაქტობრივად რუპორს სწორედაც ევრობიუროკრატების ხელში“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |