იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება"
გორდულაძის თქმით, მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები არ გულისხმობს ახალი სამინისტროს შექმნას, არამედ იქმნება მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ უწყებებს.
მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათქმელი არაფერი აქვს და პიარული სვლებით ცდილობენ იმიჯის დაზიანებას.
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს, რომ საკუთარი ტყუილი გაავრცელოს და რამდენიმე წუთში მხილებული იქნეს. ზუსტად იგივე შემთხვევა არის მაგალითად, მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან. არავითარი სამინისტრო არ იქმნება, არამედ იქმნება კონკრეტული თანამდებობა- სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეასრულებს ფუნქციებს კოორდინაციის სახით სამართალდამცავ ორგანოებს შორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, კონსტიტუციური უფლებამოსილებები რაც არის, მათი დელეგირება ხდება სახელმწიფო მინისტრზე, ამავდროულად იგი სხვა კონსტიტუციურ ორგანოებთანაც სრულ კომუნიკაციაში იქნება.
რა უფრო ლოგიკურია- რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს სახელმწიფო მინისტრის საჭიროებებს, რაც შეიძლება იყოს მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური უზრუნველყოფის სახით.
აქ ორი ვარიანტია, ან „ნაცმოძრაობაში“ შემავალმა პირებმა უბრალოდ წაკითხულის გააზრება არ იციან და ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, ან ცდილობენ, რომ მდარე პიარული მესიჯებით გააშავონ და საზოგადოება მოატყუონ საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ან ორივე ერთად. სათქმელი რომ არაფერი აქვთ, ცდილობენ, ასეთი იმიჯური დაზიანება მოახდინონ პიარული სვლებით, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუილის გამავრცელებლები თავისსავე დადებულ ნაღმებზე ფეთქდებიან ხოლმე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |