რამდენიმე წელი უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიყავი. ამიტომ პატრიარქთან მქონდა კვირაში ორჯერ მაინც თათბირი, ანგარიშს ვაბარებდი, დავალებას ვიღებდი, რაღაცებს ვუთანხმებდი, ამიტომ სულ ვხედავდი, ჩემ თვალწინ იყო როგორ მიმდინარეობდა [მოსაყდრის გამორჩევა], - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„მე აქ მოვიტანე ძალიან საინტერესო ჩანაწერი (ზოგიერთებმა ამას ისტორიულიც უწოდეს) 2017 წელს, როდესაც სრულიად მოულოდნელად გამოაცხადა პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ, 27 ნოემბერს სატელევიზიო ეთერი მქონდა „ტვ პირველზე“. პატრიარქმა დამისვა და მკარნახობდა, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. რასაც მკარნახობდა ვიწერდი და ეს ფურცელი მოვიტანე“, - აღნიშნა მან.
დეკანოზმა ჩანაწერიდან ამონარიდები წაიკითხა.
„პატრიარქი როცა დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია ანდერძი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას, არის შემთხვევები, როდესაც ანდერძი იკარგება კიდეც. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში პატრიარქმა დავითმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასე რომ ეს წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს - გასაღები ვის აქვს და სარტყელზე აქვს შემობმული. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინაა მოსაყდრე. მოსაყდრეც უნდა იყოს ფრთხილად, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი, თორემ პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს კიდეც. შედგება გეგმა, ეს უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა...“.
გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ საუბრობენ პატრიარქზე ზეწოლის შესახებ, მათ შორის ალფეევის ვიზიტზე და ა.შ. როგორც დეკანოზმა განმარტა, არსებობს კადრები, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ილია მეორესა და ილარიონ ალფეევს შორის რაიმე ცალკე, დახურული შეხვედრა არ შემდგარა.
„კადრები სრულად არის გადაღებული, როგორ მობრძანდება რუსეთის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხვდება პატრიარქს, საუბარია სხვადასხვა თემაზე. მეუფე ილარიონმა პატრიარქს გაახსენა, რომ მას სურდა აფხაზეთის თემაზე შეექმნა კომისია, რასაც მოჰყვა ის, რომ პატრიარქმა უთხრა, ჩვენთან არის წარმოშობით სოხუმელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია. გააცნო და ისურვა, რომ შედგეს ეს კომისია. ზოგადად პატრიარქი არასდროს უშვებდა ხელიდან საშუალებას, რომ აფხაზეთზე ესაუბრა. სრულად არის გადაღებული როდის შემოდის ილარიონ ალფეევი, მერე რა ხდება შიგნით და მერე გაცილებაა. ვის წარმოუდგენია, რომ ეკლესიის პირველ პირს, სხვა ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდეს და არავინ დაისწროს პატრიარქმა. ეს პროტოკოლურად წარმოუდგენელია. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩანაწერი არსებობს. მე ვთხოვდი იმ ხალხს, რომელიც სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, ახლა მაინც დადუმდნენ.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სპეკულაციები არ ჩერდება. ჩვენ დაპირისპირების სცენარებს არ უნდა ავყვეთ. ამ ფირის გაშვება რამდენი ხნის წინ შეგვეძლო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას ძალიან დიდი რესურსი აქვს სიმყარისა და ყოველ წუთას თავის მართლება არ გვჭირდება. ახლა განსაკუთრებული ვითარებაა და გადავწყვიტე ეს ენახა ხალხს, რადგან პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ისეთი ერთსულოვნება, მაღალი კულტურა აჩვენა, რომ ძალიან დასანანია, თუ ვინმე შეეცდება დაპირისპირებების შემოტანას. მინდა ეს არგუმენტაცია შევაშველო, რომ ხალხი არ აიყოლიონ დაპირისპირებაში. თავად პატრიარქიც არასდროს იმართლებდა თავს. ერთხელ 2020 წლის ეთერი იყო, მეუფე პეტრე ძალიან უშვერი სიტყვებით ლანძღავდა პატრიარქს. ჰგავდა გრიშა ონიანი, რომ ბადრი შუბლაძეს ელაპარაკება ხოლმე, ოღონდ მე გრიშა ონიანის როლში ვიყავი. საშინელი ეთერი ჰქონდა მეუფეს და პატრიარქმა არ მომიწონა ეს. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე პეტრე დაუნდლობლად ლანძღავდა პატრიარქს, მან მისაყვედურა. ერთგვარი შენიშვნა მომცა, მითხრა ძალიან ხშირად გამოდიხარო. ზედმეტსაც ხომ არ ვლაპარაკობ-მეთქი და ეგ შენს თავს ჰკითხეო. იმის მერე მეუფე პეტრეზე აღარ მილაპარაკია. პატრიარქი არ იმართლებდა თავს და ჩვენც ვცდილობდით აგვეტანა ეს ცილისწამებები, თუმცა დრო ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს და სიმართლე არ იმალება. ვინც ცდილობს, რომ დაპირისპირება წარმოაჩინოს, როგორ წარმოუდგენიათ, ვინც არ უნდა გამხდარიყო პატრიარქი, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღარ ჩატარდებოდა, ლგბტ პროპაგანდას არ შეებრძოლებოდა, თუ რა არის მოტივი?“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |