იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„პაატა სალიამ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის ქართული რეფორმები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა „გონიერი კონტრაქტის“ ინოვაციური სერვისი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები უსაფრთხო ციფრული ხელმოწერის, ინტეგრირებული იპოთეკური სერვისების, გადახდების დამუშავების და ელექტრონული საკუთრების გაცემის გზით. მომავალში ეს სერვისი გაფართოვდება და მოიცავს ბიზნესის დისტანციურ რეგისტრაციასა და სხვა მოწინავე ციფრულ სერვისებს.
აღინიშნა გასული წლის შემოდგომაზე განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი, ასევე, მიმდინარე წელს ხელმოწერილი მემორანდუმი PRYPCO Technologies-თან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სექტორში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით; მათ შორის, უძრავი ქონების ტოკენიზაციის სფეროში, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |