ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობასა და ორმაგ სტანდარტებზე აკეთებს აქცენტს.
„სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი. ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული. დიახ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება ჩვენს შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც. თუ ჩვენთან კიდევ არიან ისეთი ადამიანები დარჩენილები, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ ეს იყო ქართული კანონი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ასეთი არცერთი ადამიანი აღარ დარჩა, რადგან ისინი აკვირდებიან, რომ ჩვენს მერე ასეთი კანონი მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და ახლა დიდი ბრიტანეთის ჯერია, რადგან დაცული იყო მათი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, როგორც საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |