მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 03 მაისი 2026, 18:52

მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს,-ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაკურნებელი წყალი ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება, ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.

იგი ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში, „ბეთეზდად“ წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა, რა სენითაც იყო შეპყრობილი. ეს საბრალო კაცი აუზთან ახლოს იწვა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა.

უფალმა იესო ქრისტემ ის შეამჩნია, მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“ (ინ. 5, 6). მან მიუგო, რომ უნდოდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. მაშინ უფალმა უთხრა: „აიღე შენი სარეცელი და გაიარე!“ (ინ. 5, 8 ) მანაც აიღო თავისი საწოლი, გაიარა და განიკურნა. აი, ასეთი დიდი სასწაული მოხდა.

ამ ამბავში ყველაფერი საკვირველია: უფლის ძალის და მადლის სიდიადე. საკვირველია ასევე ამ აუზის მაკურნებელი წყალიც. საკვირველია, რომ უფალმა ეს კაცი შეამჩნია და მივიდა მასთან. საკვირველია, რომ ეს ადამიანი ოცდათვრამეტი წელი იყო პარალიზებული და ასეთი სულიერი თვისებები შეიძინა: უდრტვინველობა, მოთმინება, სიმდაბლე, რწმენა, დიდი გონიერება. ეს ჩანს მისი პასუხიდან, მისი ქცევიდან, რომ ამისთვის დაიმსახურა ღვთის ასეთი დიდი მადლი და წყალობა. საკვირველია ისიც, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა და ა. შ.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.

რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, ძალიან უნდა სურდეს, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას. საჭიროა ასევე, ჰყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე მიიყვანს (ანუ ეკლესიაში ვინც მოიყვანს).

აი, ნახეთ, როგორი განსხვავებაა ახალი აღთქმის ეკლესიის ძალასა მადლსა და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის, ახალაღთქმისეულ ემბაზსა და საბანელს და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის. იქ, როგორც გითხარით, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და მხოლოდ ერთი ადამიანი იკურნებოდა: პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას. აქ კი უფალი იესო ქრისტე ჩავიდა მდინარე იორდანეში, წყლები აღამღვრია და მთელი სამყარო განკურნა. თუ იქ პირველის მერე ჩავიდოდნენ მეორე და მესამე, ისინი აღარ იკურნებოდნენ, რადგან მადლი აღარ მოქმედებდა, ჩერდებოდა, არა მადლის მომცემელის სიღარიბის გამო, ღმერთის სიღარიბის გამო კი არ ხდებოდა ასე, არამედ მიმღებელთა სულიერი უძლურების გამო იყო ასე. აქ კი პირველის მერე თუ ჩავა მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც ათი, ასი თუ ათასი ადამიანი შევიდეს ამ საბანელში, უფრო მეტიც, მთელი სამყარო რომ შევიდეს, ყველა განიკურნება, ყველა აღდგება, ყველა განიწმინდება, იმიტომ, რომ ეს არის ახალი სახის განწმენდა, სულიერი განწმენდაა!

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: „თუ იქ, რაც მეტი ადამიანი განიბანებოდა, ის წყალი უფრო ბინძური ხდებოდა, აქ რაც უფრო მეტი ადამიანი განიბანება და შედის ამ წყლებში, მით უფრო წმინდა ხდება ის“.

ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლისღება, მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები. ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ ბერიების გვარს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
რომის პაპი - დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით
„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზა“ მუშაობა შეწყვიტა
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან ერთი მიმართულების რეისები გააერთიანონ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
არქივი