ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე, რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.
ირკვევა, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
გამოძიება 314-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |