გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ევროპარლამენტი აცხადებს, რომ 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს.
ევროპარლამენტის ფინანსური დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2024 წლის ანგარიშების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, წესების დარღვევა გამოვლინდა ყველა პარტიაში, გარდა „ევროპელი მწვანეებისა“ და „ევროპის დემოკრატიული პარტიისა“, ასევე ორ მცირე ფონდში, რომლებიც, როგორც წესი, პარტიებთან დაკავშირებულ კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ.
ანგარიშის თანახმად, თანხების არამიზნობრივად გახარჯვა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის: გადაჭარბებული ან არასაჭირო ხარჯები, სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნების დარღვევა ან ფინანსების გამოყენება ეროვნული პოლიტიკური პარტიების ირიბი დაფინანსებისთვის.
ჯამში, არჩევნების წინ, პარტიებისა და ფონდების განკარგულებაში ევროკავშირის გრანტების სახით 74 მილიონი ევრო იყო.
ანგარიშის თანახმად, 1.5 მილიონი ევროდან 711 000 ევრო დაკავშირებული იყო ხარჯებთან, რომლებიც არ იფარებოდა ვალიდური კონტრაქტებით, მომსახურებების დუბლირებასთან და, კონტრაქტების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად, აუთსორსინგულ სამუშაოებთან, რომლებშიც პარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის მაღალი პროცენტი აღმოაჩინა.
ანგარიშის ზოგად მიგნებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ის, რომ ორმა პარტიამ და ორმა ფონდმა მოითხოვეს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც რეალურად არ გაუწევიათ. მათ აღნიშნული მიგნებები არ გაუსაჩივრებიათ, რის გამოც ანგარიშში ისინი ანონიმურებად რჩებიან.
„გადასახადის გადამხდელთა ფულის მართვისას გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი პრინციპია“, - განაცხადა შარი ჰინდსმა, ორგანიზაცია Transparency International-ის ევროკავშირის პოლიტიკური კეთილსინდისიერების საკითხთა უფროსმა ოფიცერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |