არ შეიძლება შენს სახელმწიფოში, მით უმეტეს სახელმწიფოს სტრუქტურაში იკავებდე პოზიციას, თანამდებობას და შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩურჩულით, ფარდის მიღმა ვიღაცას ელაპარაკებოდე, ვინც არ უნდა იყოს და რომელიც მხარეც არ უნდა იყოს, დაუშვებელია! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კეთილი განწყობაც რომ გამოძრავებდეს შინაგანად, არ შეიძლება სახელმწიფოს სტრუქტურაში დასაქმებულმა ადამიანმა სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია ჩუმად გასცე.
„რა ინფორმაციაც საჭიროა, ფინანსური პოლიცია იქნება ეს, ეკონომიკური თუ ნებისმიერი თემა, ჩვენი პარტნიორებისათვის და ოკუპანტებისთვისაც ცნობილია - ევროკავშირისთვისაც, აშშ-თვისაც, რუსეთისთვისაც, ჩინეთისთვისაც.
ასე რომ, რაიმე ახალი თემის გამოძებნა, რაც შეიძლება საფასურის სანაცვლოდ გასცე, წარმოშობს პოლიტიკური შეფასების ნიადაგს და საფუძველს - ეს არის ქვეყნის ღალატი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი გამჭვირვალეა, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს და ამაში ფულსაც იხდიდეს.
„ვისაც არ უნდა ეჩურჩულებოდეს, მნიშვნელობა არ აქვს - არ არის საკითხი, რომელიც ღია არ იყოს, არ არის თემა, რომელიც გამჭვირვალე არ არის სახელმწიფოში. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არსებობს კიდევ გარკვეული ნიუანსი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს და ამაში ფულსაც იხდიდეს. თვითონ ეს ფაქტია შესაფასებელი დღეს ამ ტრიბუნიდან…
ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არასდროს ყოფილა. მედიასთან კი, მონაწილეობდა და გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებითაც მუშაობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო, ასე ნუ დახატავთ. რომც ყოფილიყო, ეგ არ არის აუცილებელი, რომ წლების განმავლობაში გაეკეთებინა ეს. რა პერიოდიდან დაიწყო და რა პერიოდიდან დახამდა გამორჩენას, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გიორგი უძილაური დამნაშავედ ცნონ, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ვინც „იშპიონებს“ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და თავის ქვეყანას დაუპირისპირდება ნებისმიერი სახით, თუკი გამოვლინდა, შესაბამისად დაისჯება.
„ასე არ არის - მერე იტყვიან ვოლსკი არ გამორიცხავსო და ა.შ. ვინც „იშპიონებს” თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და თავის ქვეყანას დაუპირისპირდება ნებისმიერი სახით - კორუფცია იქნება ეს თუ გამყიდველობა - თუკი გამოვლინდა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. ყველას უნდა აწყობდეს ეს. არ არსებობს პოლიტიკური გემოვნება, რომელიც ამას დაუპირისპირდება. სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი გალაშქრება, რომელიც ემუქრება ჩვენს ოჯახებს და ემუქრება დესტაბილიზაციით, რასაკვირველია, უნდა იყოს დასჯილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
როგორც ცნობილია, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |