სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის
საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, პროკურორი და დაცვის მხარე კონკრეტულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საჯაროდ არ საუბრობენ. ადვოკატის, ბექა გულედანის განცხადებით, უძილაური დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ცნობილია, მას არც გამომძიებლების შეკითხვებზე უპასუხია და საკუთარი პოზიცია არც მოსამართლესთან დაუფიქსირებია.
„იყენებს დუმილი უფლებას. ვფიქრობ, რომ საქმეში არ არის საერთოდ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური მტკიცებულებები," - აღნიშნა ადვოკატმა და ფარულ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა: „მათ შორის“.
პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით კი, საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც ჯაშუშობის ფაქტი დასტურდება.
„ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, ეთნიკური უმცირესობების შესახებ. საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს, ხოლო რა სახის მტკიცებულებებია, მტკიცებულებების კონკრეტიკის გაჟღერებაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. ვადასტურებთ, რომ საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს“, - აღნიშნა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გიორგი უძილაური სისტემურად მოიპოვებდა ინფორმაციას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გადასცემდა. ის მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ საქმიანობდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |