იმედია, სათანადო ნაბიჯები გადმოიდგმება აშშ-ისგან, რომ იყოს სერიოზული და თანაბარ დონეზე საუბარი, თუ რა ინტერესები აქვთ ჩვენს ხალხებს და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხების ინტერესებით იმოქმედოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„დიდი ხანია, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ჩვენი პოზიცია კარგად იცის. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და ამ ურთიერთობებმა თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაბრუნებისკენ იქ, სადაც პრინციპში იყო ცარიელ ფურცელზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები არადემოკრატიული გზით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ქართული მხარე ამბობს სიტყვა პარტნიორობას, არ გულისხმობს დაბრუნებას და აღდგენას, არამედ თვისებრივად ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე.
„ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ძალიან ღია და გულწრფელი ვართ ნებისმიერი პარტნიორის თუ პოტენციური პარტნიორის მიმართ და ასევე ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედია, სათანადო ნაბიჯები გადმოიდგმება ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმ თვალსაზრისით, რომ იყოს სერიოზული და თანაბარ დონეზე საუბარი იმაზე, თუ რა ინტერესები აქვთ ჩვენს ხალხებს და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხების ინტერესებით იმოქმედოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |