დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის - ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - აღნიშნულია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში, რომელითაც ის დიპლომატიის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიპლომატიის აკადემიის დაარსების შესახებ!
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, ძლიერი საგარეო სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ წელს დაიწყო თანამედროვე საჭიროებებით განპირობებული, ფუნდამენტურ ანალიზზე დაფუძნებული კომპლექსური რეფორმა, რომლის მიზანიც არის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონდეს საუკეთესო შესაძლებლობები ეროვნული ინტერესების საუკეთესოდ დასაცავად და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად.
ამ მიზნის მისაღწევად გამოცდილი დიპლომატების გვერდიგვერდ საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე საჭიროებებზე კარგად მორგებული თაობა, რომელიც ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში.
გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში.
განათლების რეფორმისა და საგარეო უწყების რეფორმის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, დიპლომატიის აკადემიის დაფუძნება უზრუნველყოფს პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ახალგაზრდების აღზრდას, შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით.
დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში.
სწორედ დიპლომატიის აკადემიის წიაღში მიღებული ფუნდამენტური ცოდნის პრაქტიკულმა გამოყენებამ უნდა მისცეს ქვეყანას შესაძლებლობა, მტკიცედ დაიცვას ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი.
ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საუკეთესო ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური ხედვით, რათა თანამედროვე, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ეფექტიანად შეძლონ ქვეყნის საჯარო სამსახურის გაძლიერება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის მხრივ, გააჩნია საუკეთესო შესაძლებლობები ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის სწრაფად ინტეგრირებას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს საჯარო სექტორში, ისე საერთაშორისო საქმიანობაში.
მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ინიციატივისთვის და მხარდაჭერისთვის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს დიპლომატიის აკადემია: „ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |