მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 11 მაისი 2026, 13:29

მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას.

მეუფე შიომ აღნიშნა ისიც, რომ ილია მეორის მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის
მომავალზე ფიქრი ავალდებულებს ყველას, განაგრძოს ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.

„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცესა და შენარჩუნებას ემსახურებოდა.

დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს – ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას, სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

40 დღეზე მეტმა განვლო ილია მეორის გარდაცვალებიდან. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მისი უწმინდესობის სულიერი სიდიადე და ნამდვილი სახე მოძღვრისა, მწყემსმთავრისა, რომელიც მთელი თავისი ღვაწლით, დიდი სიყვარულით და რწმენით ერს აერთიანებდა და უფლისკენ მიუძღოდა. მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, როგორ დაიცვას თავისი სამწყსო და მისი მომავალი. ამ კითხვებზე პასუხები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია. ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთის სიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი და სხვა.

სწორედ ამგვარად აღიბეჭდა მისი ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი დაუღალავი საპატრიარქო მსახურება ჩვენს მეხსიერებაში. მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
მეუფე შიო: დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, მადლიერებას გამოვთქვამ სლოვაკეთის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სამებაში გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ
არქივი