პატრიარქი შიო III: სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას: მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 12 მაისი 2026, 14:37

დიდია მადლი და წყალობა უფლისა ამ ღვთივ კურთხეულ დღეს, - განაცხადა უწმინდესისმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ.

„აქ, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას: მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდივსასოებ და მუხლს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველდადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად.

„არავინ თავი თვისით მოიღის პატივი, არამედ, რომელიც წოდებულ არ ღმრთისა მიერ“ - ამბობს მოციქული პავლე და მეც განმცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლად წმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.

2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია.

სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია ჩვენი საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღნიშნავს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასოებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხვდომილობა და მადლი მაცხოვრის მიერ პირველწოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოჰკლებოდეს ჩვენს ერსა და ეკლესიას“, - აღნიშნა შიო მესამემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მის უწმინდესობა შიოს მისალოცი წერილი გაუგზავნა
თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას - ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია
არქივი