383
03 ივლისი 2020, 22:33

კაკო ბობოხიძესა და დავით ჭაკუას შორის განსხვავება არ არის, კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი და დამკვეთები იმ უბედურების, რასაც აკეთებდა ჭაკუა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
„ჭაკუა არის მათი სახე. აი, კაკო ბობოხიძესა და ჭაკუას შორის განსხვავება არ არის, ეს არის "ნაცმოძრაობის" სახე - წამება, ადამიანის ღირსების ხელყოფა, "ფეიკნიუსიც" ამის გაგრძელებაა. უსირცხვილო კაცია [ბობოხიძე], თვითონ იყო პასუხისმგებელი, კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი და დამკვეთები იმ უბედურების, რასაც აკეთებდა ჭაკუა.
ჭაკუა იყო ამ ყველაფრის შემსრულებელი. დამკვეთი იყო კაკო ბობოხიძე, სააკაშვილი, ბოკერია და ა.შ.. სირცხვილია, კაკო ბობობიძე რომ გამოდის და კრავივით ლაპარაკობს იმაზე, რომ თითქოს რაღაც პრობლემა იყო... მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ის პოლიტიკური რეჟიმი შექმნეს და ეს რეჟიმი შექმნეს ზუსტად სააკაშვილმა, ბოკერიამ, ბობოხიძემ, გიგლა ბერბიჭაშვილებმა. დამკვეთები გაქცეულები არიან, ახალაია ზის, ადეიშვილი გაქცეულია. ადეიშვილს შეფარდებული აქვს სასჯელი და ის არის ძებნილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დ.ჭ.-ს ექსტრადირების თაობაზე დაკმაყოფილდა და გერმანიის სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს საღამოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში ეტაპირებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ., რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |