259
06 ნოემბერი 2019, 20:15

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა მიგრაციის სამთავრობო კომისიის ანგარიში - საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ქვეყნიდან საქართველოს 67 452 მოქალაქე გავიდა, 2016 წელს 64 705, 2017 წელს 67 269, 2018 წელს კი - 76 367. 2015-2018 წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტების 57 პროცენტი კაცია.
2018 წელს გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება.
თუმცა, ამავე ანგარიშით, ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს დაფიქსირდა.
აგარიშის მიხედვით, 2015 წლიდან მზარდია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად, შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მზარდია საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. 2017-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში (142 410 მოქალაქე), იტალიასა (83479 მოქალაქე) და საბერძნეთში (71 696 მოქალაქე) განხორციელდა.
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა.
შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 95%) შესაბამისი სამსახურების მიერ უარყოფილია იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდაა მიჩნეული.
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელიც. ამასთან, საჰაერო საზღვარზე მიღებული უარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე მიღებულ უარს. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის ყველაზე ხშირი მიზეზი ქვეყანაში ყოფნის მიზნის და გარემოებების დაუსაბუთებლობაა.
2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალი საქართველოს მოქალაქე გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.
2018 წელს უცხოეთში მყოფი საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათი ნახევარზე მეტი ისრაელიდან და თურქეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის 531 ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთიდან - 209, თურქეთიდან - 1788, ისრაელიდან - 813, საფრანგეთიდან - 273, ავსტრიიდან - 166, ბელგიიდან - 108, შვეიცარიიდან - 84, იტალიიდან - 83, შვედეთიდან - 102, ფინეთიდან - 30, საბერძნეთიდან - 58, ესპანეთიდან - 44,ხოლო უკრაინიდან - 46.
ანგარიშის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე. ასეთ ქვეყნებს შორის 2018 წელს ლიდერობენ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, შვედეთი და პოლონეთი. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ევროკავშრის ქვეყნები საქართველოს 9 745 მოქალაქეს დაატოვებინეს.
ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებით და ნებაყოფლობით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც.
„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეთა იძულებით დაბრუნება, ძირითადად, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებიდან რეადმისიაზე მიღებული განცხადებების რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მზარდია. ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიიდანაა შემოსული, თუმცა ბოლო წლებში გაზრდილია საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ნიდერლანდებიდან შემოსული განცხადებების რაოდენობაც”, - ნათქვამია ანგარიშში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |