506
16 დეკემბერი 2019, 21:15

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი გაიმართა. პლენუმის სხდომას ესწრებოდა ახლადარჩეული 14 მოსამართლე. პლენუმის გახსნას დაესწრო სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, თუმცა, მას შემდგომ, რაც პლენუმი ხმათა უმრავლესობით დაიხურა მან დატოვა სხდომა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მზია თოდუას განცხადებით, 2019 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატაში განიხილეს და დასრულდა 3017 საქმე, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 843, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 1609, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 565.
მიმდინარე წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოებაშია 1212 საქმე, სამოქალაქო საქმეთა პალატაში 1290 საქმე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 877 საქმე, სულ სამივე პალატის წარმოებაშია 3379 საქმე.
2019 წლის 12 დეკემბრამდე უზენაეს სასამართლოში იყო 10 მოსამართლე, რასაც პარლამენტის მიერ არჩეული 14 ახალი მოსამართლე შეემატა. მათ შორის ორი მოქმედი მოსამართლე - მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე.
პლენუმმა აირჩია მოსამართლეები პალატებში და პალატების თავმჯდომარეები.
სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმმა ერთხმად აირჩია ყოფილი გენერალური პროკურორი, მოსამართლე შალვა თადუმაძე. პალატის შემადგენლობაში დაინიშნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი და ლალი ფაფიაშვილი.
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა) დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება 18 დეკემბერს და ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად უკვე შეარჩია. მოსამართლეებად დაინიშნენ: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.
მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ უზენაეს სასამართლოში შესული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლეებზე, ხოლო საქმეთა რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად, ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |