
თურქეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა და სტამბოლში რუსულ მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, მათ შორის, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
ჩატარებული ოპერაციის შედეგად, თურქმა სამართალდამცველებმა სულ 16 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის 1, უკრაინის 3, საქართველოს 4 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქეა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 11 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 200-ზე მეტი ტყვია.

როგორც თურქული მედია წერს, სამი წლის წინ სტამბულში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში მოკლეს აზერბაიჯანელი „კრიმინალური ავტორიტეტი“ როშვან ჯანიევი (ლენკორანსკი), რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში „კრიმინალური სამყაროს“ ლიდერის ასლან უსოიანის იგივე „დედ ჰასანია“ მკვლელობის ორგანიზატორად იყო მიჩნეული. მკვლელობის დღეს ის სასტუმროში უნდა შეხვედროდა „კანონიერ ქურდებს“ თემურ ნემსიწვერიძეს, როინ უგლავას, დათო ჭურაძეს. რუსული მედია წერს, რომ როშვან ჯანიევის ძალაუფლება მას შემდეგ გაიზარდა, რაც თბილისელი ქურთი, “დედ ჰასანის“ მემკვიდრე „კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი დააპატიმრეს. სტამბულში მოკლულ როშვან ჯანიევს „დედ ჰასანის“ მკვლელობასა და შაქრო კალაშოვის დაპატიმრების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ თავის დროზე, დააკავა როშვან ჯანიევის მკვლელობის შემსრულებლები - აზერბაიჯანელი და ორი ქურთი. მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ჯანიევის მკვლელობა ასევე „აზერბაიჯანელმა „კანონიერმა ქურდმა“ ნადირ სალიფოვმა შეუკვეთა. „დედ ჰასანის“ კლანის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა. თურქული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი „კანონიერ ქურდების“ ლიდერის ჯანიევის ადგილიც სალიფოვმა დაიკავა.
ამჯერად, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს 16-კაციანი რუსული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ჯანიევის შურისძიების მიზნით მკვლელობას გეგმავდა. სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის მკვლელობას.
თურქული გამოცემის ინფორმაციით, სალიფოვი სტამბულში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, გასულ წელს ჩავიდა. როგორც თურქული მედია წერს, 16-კაციანი დაჯგუფებაც, რომლის წევრებიც რუსულ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერები იყვნენ, მის კვალს მიჰყვნენ. თუმცა, თურქმა სამართადამცველებმა მკვლელობათა სერიის დამგეგმავ-შემსრულებლები დააპატიმრა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |