
საქართველო წარმატებას თუ მიაღწევს, ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, ოპოზიცია კი ვერაფერს მიიღებს, ამიტომ არწმუნებენ ევროპელ პარტნიორებს, კანდიდატის სტატუსი არჩევნებამდე არ მოგვცენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული რეკომენდაციების და რეფორმების დისკრედიტაციით, ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, ხელისუფლება პასუხისმგებლობით ასრულებს ყველა პუნქტსა და რეკომენდაციას, რომელზეც არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„გვსურდა, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა დავინახეთ, რომ მათ არ უნდათ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ეს მოხდეს. ამაში ისინი ხედავენ საფრთხეს საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის. ისინი ფიქრობენ, თუ საქართველო მიაღწევს წარმატებას, ამაში იქნება ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი, საზოგადოების დიდი დამსახურება, მაგრამ ისინი ვერაფერს მიიღებენ სანაცვლოდ, ამიტომ არწმუნებენ დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს, არჩევნებამდე საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, რომ ამან ხელი არ შეუშალოს რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი გეგმების განხორციელებაში. ეს არ არის პატრიოტული მიდგომა, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. რადიკალური ოპოზიცია მომავალშიც არ იქნება კონსტრუქციული, საკუთარი წვლილი შეტანას არ აპირებს რეკომენდაციების განხორციელების პროცესში. ჩვენ, ხელისუფლება, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რეკომენდაციები ამომწურავად იყოს შესრულებული“, – ამბობს თალაკვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |