საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმპიჩმენტს არავითარი კავშირი არ აქვს კანდიდატის სტატუსთან, რაც ცალახად შეიძლება ითქვას.„საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საერთოდ, საქართველოს მომავლისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველოს თუ უნდა, იყოს ევროპული სახელმწიფო, კონსტიტუციას უნდა ვცეთ პატივცი და კონსტიტუციის დარღვევაზეც უნდა გვქონდეს რეაქცია. თუ არ გვექნება რეაქცია, ხვალ შეიძლება, დავბრუნდეთ დროში, როდესაც პრეზიდენტი ან ვინმე პოლიტიკური ლიდერი ამბობს, რომ მე შემიძლია, ადამიანები სადღაც გავაქრო, შემიძლია, უკანონოდ დავაპატიმრო, ვიღაცებს ქონება ჩამოვართვა დაუსაბუთებლად, რადგან დღეს მე სწორად მიმაჩნია, ეს საქართველოს სჭირდება. ჩვენ თუ ეს მიდგომა დღეს დავუშვით, წავალთ იგივე წრეზე და მივიღებთ იგივე პრობლემას, რაც გვქონდა წარსულში.კრიტერიუმებთან, პროცესთან ამას არ აქვს კავშირი, არც რეკომენდაციებს ეხება ეს რაიმენაირად და არც შეფასებით ნაწილში არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.თალაკვაძის განმარტებით, იმპიჩმენტი დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკის ნაწილია.
„აშშ-შიც არაერთხელ ყოფილა იმპიჩმენტი გამოყენებული პრეზიდენტის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, იტალიაში, უკრაინაშიც, რომელიც ჯერ წევრი არაა, მაგრამ ევროპული სივრცის ნაწილია, ლიტვაში, არაერთ სახელმწიფოში. იქ არავის უთქვამს, რომ ეს არის ევროპის წინააღმდეგ. საქართველოში რატომ არის იმპიჩმენტი ევროპული იდეის, ევროპული ღირებულების წინააღმდეგ , თუ ეს არ არის სხვა დემოკრატიებში? არავინ ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროპულ პოლიტიკას ან ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.